ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად კოჯორში იუნკერთან მემორიალთან მივიდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც. მათ პარლამენტის თავმჯდომარე შეძახილებით "სირცხვილია" გააცილეს და უთხრეს, რომ ის "არჩილ გავრილოვია". "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, კახა კვეკვესკირი ამბობს, რომ მემორიალთან გვირგვინის მისატანად არ მიუშვეს, რადგან ჯერ მთავრობის წევრებს ელოდებოდნენ, შემდეგ კი მათ ბრიფინგს.
"ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და კეთილდღეობაზე, ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საერთო ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ჩვენი ერის, ხალხის და ქვეყნის გაერთიანება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერს პოლიტიკურ თემებზე კითხვებისთვის არ უპასუხია.
"100 წლის შემდეგ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო გამთლიანდება", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, დღეს ხელოვნურად აღმართული მავთულხლართები აუცილებლად დაინგრევა.