
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა საერთო სტრატეგია, რაც გიგი უგულავამ გახმიანა.
"მთავარი არხის" ეთერში გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კარავი თვითმიზანი არ არის, მაგრამ იქნება ბევრი კარავი, პიკეტები და მსვლელობები. მისივე თქმით, ოპოზიცია ყველა კონსტიტუციურ საშუალებას გამოიყენებს პროტესტის დროს.
"კარავი არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება გულანთებული პატრიოტებისთვის, რომ ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებშიც.
პიკეტები, „სირცხვილის კორიდორები“, აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან, იმ სამინისტროებთან, რომლებიც გამოდიან როგორც „ოპრიჩნიკები” და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავენ. მანიფესტაციები რეგიონებშიც ჩატარდება, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ ხერხს, რათა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე", - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობისთვის ოპოზიციური პარტიები ენმ-ის დარბეულ ოფისში ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან. სტრატეგიაზე მსჯელობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ენმ-ის ოფისში პარტიის ლიდერი ნიკა მელია დაკავეს.