დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

გამოქვეყნდა:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების განადგურებას. 

"...მიუხედევად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა. [...]

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ინტენსიური ნაბიჯები ადასტურებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა და ამბიციური გეოპოლიტიკური ზრახვები არ შეცვლილა. რუსეთის ფედერაცია ყველა ხერხს მიმართავს, სამხედრო ოკუპაციის, ჰიბრიდული ომისა და ღია პროპაგანდის ჩათვლით, რათა შელახოს სუვერენული ქვეყნების დამოუკიდებლობა, ხელოვნური დაბრკოლებები შექმნას მათი დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამგვარად შეაფერხოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რაც ამ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს...", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ 100 წლის წინ, 25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია მოხდა. ამ დღეს თბილისის შემოგარენთან გმირულად დაიღუპნენ იუნკრები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი