
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა, გადაცემა "დღის სტუმარში" საბჭოთა ოკუპაციაზე ისაუბრა. როგორც ხვადაგიანი ამბობს, ძალიან სამწუხაროა, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ ხელისუფლება კაპიტულანტურ პოლიტიკას ახორციელებს.
"ანექსიის მხრივ შეუდარებელია მოცემულობა, როგორც საზოგადოების განწყობისა და ძალთა ბალანსის, ისე სახელმწიფოს პოზიციის მხრივ. ოკუპაცია, სამხედრო ძალით, პირდაპირი დაპყრობით საბჭოთა რუსეთის მხრიდან, დამატებით განაპირობა იმანაც, რომ საბჭოთა რუსეთს არანაირი შიდა დასაყრდენი აღარ დარჩა საქართველოში, რომ ის საყვარელი სცენარი გაეთამაშებინა და შიდა გადატრიალება მოეხდინა. ამბოხება მოეწყო ქვეყნის შიგნით და შემდეგ მისცემოდა ლეგიტიმური საფუძველი.
დღევანდელი რეალობა, ჩვენდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, განსხვავდება. პროპაგანდისტურმა მანქანამ თავისი შედეგი გამოიღო და დღეს საზოგადოების ნაწილში საბჭოთა მითები ისევ ცოცხალია, რაც კარგი საყრდენია, რუსული რბილი ძალისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან კარტ-ბლანში აქვს მიცემული და ახლა ვხედავთ, რომ უფრო და უფრო ცხადი ხდება სახელმწიფოებრივ დონეზე კაპიტულანტური პოლიტიკა", - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
მისი თქმით, რუსეთის მიმართ საზოგადოების ლოიალურ განწყობებს ხელისუფლება ხელოვნურად ზრდის.
"ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებაში ძალთა ბალანსი, ამ ტიპის პრორუსილი, ან პროსაბჭოური ნოსტალგიური ძალების მხარეს იყოს. არა, პირიქით, უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახელმწიფოსთვის, მმართველი პარტიისთვის არის რესურსი, ის მთელი თავისი საინფორმაციო და პროპაგანდისტული აპარატით, ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთის რბილი ძალაც ამაში აქტიურად ერთვება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს უფრო ბევრია, როდესაც რეალობა პირიქითაა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავია.