ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს - სუსი 

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ რაც, "მთავარი არხის" მეშვეობით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ახორციელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები. აღნიშნულის შესახებ კი აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს. უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას. ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე სამხედრო წვრთნები დღეს დილით განახლდა. ოკუპანტები მასშტაბურ წვრთნას გადიან, საარტილერიო დანადგარების გამოყენების გამო კი ადგილობრივთა სახლები ზანზარებს.

ძარწემი დიდი ლიახვის ხეობაში, ცხინვალთან ახლოს მდებარეობს და ოკუპანტების წვრთნები ხშირად ემთხვევა საქართველოსთვის ნიშანდობლივ თარიღებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი