ადამიანი, რომელსაც 20 ივნისის ღამეს სპეცრაზმელის ტყვიამ თავი გაუხვრიტა, მომხდარზე „მთავართან“ საუბრობს. დავით ფარადაშვილს უმძიმესი ტრავმის მიღების მომენტი ახსოვს.
დავით ფარადაშვილს თავში ცრემლსადენი გაზის შაშხანა მოხვდა. თავის ქალის ძვალი ტყვიამ ისე დააზიანა, რომ ახლა ტრანსპლანტაცია სჭირდება. ერთი კვირა კომაში იყო, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა კიდევ ერთისთვის ემზადება.
თავზე ნატყვიარის ადგილზე გაჩენილი სიცარიელე პლასტმასით უნდა შეუვსონ. ამის გარდა, ის გადის რეაბილიტაციას ტრამვისგან დარღვეული კოორდინაციის მეტ-ნაკლებად გამოსასწორებლად.
დაშავებული მოქალაქე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელევიზორში თანაქალაქელების მიმართ პოლიციის ძალადობის კადრები ნახა.
დავით ფარადაშვილს ახსოვს ტრავმის მიღების მომენტიც. ის ამბობს, რომ პარლამენტის წინ პოლიციის კორდონთან სხვა მომიტინგეებთან ერთად იდგა, ხელში არაფერი ჰქონდა და არც არავისზე ძალადობდა.
ფარადაშვილი ამბობს რომ პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს ძალას გადაამეტა. ის პასუხისმგებლობას მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.
დავით ფარადაშვილი დღემდე არავის გამოუკითხავს. ის ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მისით კომაში ყოფნის დროს დაინტერესდნენ. მას შემდეგ დაზარალებულისგან ჩვენების მიღება აღარ უცდიათ. შესაბამისად, ისიც ერთ-ერთია იმ მომიტინგეებიდან, ვისაც პროკურატურა დაზარალებულად არ ცნობს.
დავით ფარადაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და ამ ინტერვიუს შემდეგ არასამთავრობო სექტორის გამოხმაურებას ელოდება.