
დღეს, 26 თებერვალს ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას გამართავენ. "მსვლელობა თავისუფლებისთვის" - 13:00 საათზე ფილარმონიის შენობიდან დაიწყება და პარლამენტთან გადაინაცვლებს. ოპოზიცია კარვების გაშლას, სირცხვლის დერეფნების მოწყობას და "ქართული ოცნებისთვის" მქასიმალური დისკომფორტის შექმნას გეგმავს.
"ვინც სახლში დარჩენას აპირებდა მარტივი რამ მინდა ვუთხრა, მსოფლიოში არის 2 დედაქალაქი, ოფიციალური თბილისი და ოფიციალური მოსკოვი, რომელიც აღნიშნავს, ანტისაოკუპაციო აქციის ლიდერის დაკავებას. მსოფლიოში სხვა დედაქალაქი არ მოიძებნება, რომელიც გაამართლებს იმას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ის რომ მელია არის პოლიტპატიმარი, მას სთხოვდნენ გავრილოვის ხარკის გადახდას, ის რომ პოლიტიკური მართლმასჯულებაა", - თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბიეშივილმა.
ფილარმონიასთან იმყოფება "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელიც, რომელმაც აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი მოვლენები ხდება პროტესტი უნდა იყოს ძლიერი და ხელისუფლებას ესმოდეს, რომ ასე იოლად "ეს არ გავა".
"ყოველთვის არის საშუალება, ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო, თუ პოლიტიკურად მართლა არ ხარ ბეცი და არ ფიქრობ იმას, რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას, გააღრმავებს დაძაბულობას, ჩიხში შეიყვანს ქვეყანას", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაგეგმილ აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც, ავტოკოლონები ქუთაისიდან, თელავიდან, ზუგდიდან და გორიდან უკვე დაიძრნენ.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.