საქართველოს პროკურატურამ, ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ვახო სანაიას თავს მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ. ბრალდებულებმა სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს. სანაიას პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ერთ-ერთი მათგანი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.