
დღევანდელ აქციას ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებმაც "ოცნების" რეპრესიები საკუთარ თავზე გამოსცადეს. აქციაზე მივიდნენ ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ოჯახი, თამარ ბაჩალიაშვილის მამა.
"მოვედი საქართველოს მხარდასაჭერად, ვაპროტესტებ ნიკა მელიას დაჭერას, ისეთივე აბსურდული ბრალდებაა - ცოტა უფრო მეტიც, ვიდრე ჩემი იყო. აბსოლუტურად ტყუილი ბრალდებით არის კაცი ციხეში და ეს არის ამ მთავრობის ხელწერა", - ამბობს კარტოგრაფი ივერი მელაშვილი.
"ესენი იჭერენ იმ ხალხს, ვინც ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავს და სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის. შვილი მომიკლეს, 8 თვე გავიდა სამართალს ვერ მივაღწიე", - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის, მამა.
აქცია დედაქალაქში დღეს 13 საათზე, ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელა, ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. უკვე ცნობილია ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც - პროტესტი არ შეწყდება.