
გვიან ღამით რუსთაველზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მუსიკის ფონზე გაგრძელდა. პოლიტიკურ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოებას კომენდანტის საათის მიუხედავად ტერიტორია არ დაუტოვებიათ და მთელი ღამე პარლამენტის წინ, კარვებში გაათენეს.
მანამდე კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციის დანაყოფები გზის სავალი ნაწილის გახსნასა და სამანქანო მოძრაობის აღდგენას ითხოვდნენ, თუმცა დემონსტრანტები სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ. საბოლოოდ გზის სავალი ნაწილი მხოლოდ გვიან ღამით გაიხსნა. ძალოვანი უწყების წარამომადგენლები კი მთელ ღამის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდნენ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოების პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება.
"თვითმიზნური გადაკეტვა, ამ ეტაპზე პოლიტიკურ გათვლად მიღებული არ ყოფილა. ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ეს პროტესტი არის მზარდი და განგრძობადი და ჩვენ ვაპირებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ ამას", -თქვა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, გუშინ 26 თებერვალს რუსთაველზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციამ აქციაზე მომავალი საპოროტესტო გეგმაც წარადგინა.