
ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტს "მთავარი არხი" უერთდება. არხის სახელით სანაიას მხარდაჭერა პაატა იაკობაშვილმა და დიკო ჯოჯუამ გამოუცხადეს.
მოვითხოვთ ამ თავდასხმის გამოძიებას, როგორც ბევრი სხვა მსგავსი ფაქტის გამოძიებას. ბოლო დროს ასევე იყო ჩვენს ჟურნალისტზე ჯეიჰუნ მუჰამედ ალიზე მსგავსი თავდასხმის ფაქტი და კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე დასაჯოს დამნაშავეები, - ამბობს პაატა იაკობაშვილი.
იაკობაშვილის თქმითვე, ჟურნალისტები ხელისუფლების სამიზნეები მაშინ ხდებიან, როდესაც მთავრობა ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს.
ეს არის ფაქტობრივად მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ თქვენი გონების სტერილიზაცია და მოახდინონ თქვენი მენტალური მონობა, შემდეგ უკვე ალბათ ფიზიკური მონობაც. ასე რომ ყველამ ერთად უნდა გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან უარი თქვას ისეთ გარემოზე, რომელშიც ჟურნალისტები ვერ მუშაობენ თავისუფლად, არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და ვერ ახერხებენ თქვენამდე მოიტანონ განსხვავებული აზრი, - ამბობს იაკობაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ერთობლივი მანიფესტი წარადგინეს.
ვახო სანაიასა და მის ოჯახის წევრებს თავს 25 თებერვალს, გამთენიას, თბილისში დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკავა.