ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი თამარ ბაღაშვილის გადაცემაში "მთავარი დებატები" ენმ-ის შტურმის აქამდე უცნობ დეტალებს იხსენებს და დაწვრილებით აღწერს სპეცრაზმელთა გადაადგილებასა და მოქმედებებს ოფისში შეჭრის შემდეგ.
"მოროდიორობა დაიწყეს იქედან, რომ სერვერი წაიღეს. მათ ჰქონდათ ნიკა მელიას დაკავების და არა სერვერის წაღების ბრძანება. რაც შეეხება ოფისში სიტუაციას, პოლიციელებზე სწრაფად ოფისში კამერები მოიყვანეს, ყველაფერს იღებდნენ თვითონაც, რამდენიმე კამერით, თავი ტელესერიალში მეგონა. თავდაპირველად ისინი შემოვიდნენ სპეცაღჭურვილობის გარეშე, არც ე.წ. დუბინკები ჰქონდათ, მათი მიზანი იყო ოფისში მყოფი ადამიანების პროვოცირება, რათა მათ ეძალადათ და მერე ეს კადრები ჰქონოდა შსს-ს" - იხსენებს ლევან ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილმა, ასევე, დაამატა, რომ ოფისში მყოფები ამ პროვოკაციას არ წამოეგნენ: "ხალხი ერთმანეთს აფრთხილებდა, იყო მოწოდებები: "ფრთხილად!" "არ შეიგინო!", ერთადერთი, რასაც იძახდნენ, ეს იყო "წადი" და "გავრილოვი!" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.