23 თებერვალი - შტურმი მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე და ნიკა მელიას დაპატიმრება-დასავლეთიდან კრიტიკის ზვავი მოდის.
საერთაშორისო ზეწოლა და უპრეცედენტო ტვიტები დასავლეთიდან მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებისთანავე დაიწყო. აშშ-ს საელჩომ არ დააყოვნა.
კრიტიკის შტურმი დასავლეთიდან მაშინ დაიწყო, როდესაც თანამდებობის პირები, რომელთაც ამერიკის საგარეო პოლიტიკას უნდა მიხედონ სახელმწიფო დეპარტამენტში, ჯერ დანიშნულებიც არ არიან.
ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ყოველდღიური საინფორმაციო ბრიფინგი საქართველოს თემით დაიწყო.
კიდევ უფრო პირდაპირი გაფრთხილება ოცნებამ შეერთებული შტატების კონგრესიდან მიიღო.
კონგრესსა და სენატში საუბრები სანქციებზე დაიწყო. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, კრის სოჩა ამბობს რომ ეს სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი და მთელ ქვეყანას არ ეხება. სოჩა ამბობს რომ სანქციების დაწესება მათთვისაც შეუძლიათ, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სამართლებრივ დევნაშია ჩართული.
წერილი მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ევროპარლამენტარები შარლ მიშელს თხოვენ, ხვალ, საქართველოში ვიზიტისას განმუხტოს კრიზისი, რათა ქვეყანამ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან არ გადაუხვიოს. ნიკა მელია კი ამ დროს მე-6 დღეა საპატიმროშია.
ავტორი: ანა ასათიანი