მესამე პრეზიდენტის შეთავაზება ეკონომიკის გადარჩენისთვის - 5.5 მილიარდი მოიზიდოს, უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად განიხილავენ და პოლიტიკურ პოპულიზმს უწოდებენ.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მეორე ინიციატივა წარადგინა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის დაძლევას გულისხმობს.
მესამე პრეზიდენტმა შეთავაზების შესახებ ნიკა გვარამიას მთავარ აქცენტებში ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას მიმართა, მისი საქმეზე დროებით მორატორიუმი გამოაცხადონ და დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიანიჭონ, რომ უცხოელ პარტნიორებთან იმუშაოს და ინვესტიციები მოიზიდოს.
გაჩერებული ეკონომიკისა და უსამსახუროდ დარჩენილი ათასობით მოქალაქის მიუხედავად, ოცნებას გაწერილი ანტიკრიზისული გეგმა ჯერ კიდევ არ წარუდგენია. ამ პირობებში ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის ყველა შეთავაზებაზე. ოპოზიციისთვის ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება.
ოპოზიციამ კორონავირუსიის კრიზისის ფონზე ხელისუფლებას მიმართა და დიალოგის ფორმატის შექმნა მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე დღეს განსხვავებული პოზიცია ლეიბორისტების ლიდერს ჰქონდა.
რატომ არ შეუძლია ხელისუფლებას მრავალპარტიულ ფორმატში მუშაობა. გია ხუხაშვილისთვის მიზეზი მარტივია. ბიძინა ივანიშვილთან ინიციატივის გამოჩენის ყველას ეშინია და მისი გუნდი ამ ჩაკეტილობით უკვე დიდი ხანია თვითიზოლაციაშია.