19 წლის ფეხბურთელ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სასამართლოს საბოლოო სიტყვით ამავე პროცესზე მიმართავენ საქმეშბი ბრალდებულცებიც.
დასკვნითი სიტყვების შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.
დაცვის მხარის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არცერთი მოწმე და ექსპერტიზის დასკვნა არაა, რომელიც დაამტკიცებს, რომ რომელიმე ამ ბრალდებულთა ქმედებამ გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 100-მდე მოწმეა დაკითხული. ამავე ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ - გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა. პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, დაცვის მხარეს კი დაკავებულების გამართლების იმედი აქვს.
გიორგი შაქარაშვილის საქმე:
გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მოგვიანებით კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და არსებულ მუხლებს ყველაზე მძიმე, 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს, ხოლო 109-ე მუხლით - 5.
პროკურატურამ 11 იანვარს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.
ძალადობაში ბრალდებული 3 პირი კი 11 იანვარს სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.