ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. რუსეთის უკანონო ქმედებებს ის ადგილზე გაეცნობა. ვიზიტს თვალს ადევნებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ადგილობრივების თქმით, მათ ე.წ. გოთოევის სასაფლაოზე კარავი გაშალეს.
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი, დავით ქაცარავას ამბობს, ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ კარავი ადგილზე 3 წლის განმავლობაში იყო, თუმცა ქაცარავას თქმით, ტერიტორიაზე საგუშაგო ახალი განთავსებულია.
"დავაფიქსირეთ ახალი საგუშაგო, რომელზეც რატომღაც ძალოვანი სტრუქტურა გვიმკტიცებს, რომ ეს საგუშაგო 3 წლის განმავლობაში იყო, მაგრამ ჩვენ დადასტურებით შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ ეს ნამდვილად ახალი საგუშაგოა. ის განალაგეს რუსმა ოკუპანტებმა სასაფლაოს თავზე ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ფსიქოლოგიური ტერორის ახალ ნაბიჯად", - თქვა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გუშინ 28 თებერვალს ჩამოვიდა. დღეს, 1 მარტს მან შეხვედრები გამართა, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან.