"მთავარი არხის" ინფომაციით, თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. თუმცა თავად საბანაძე ამ ფაქტს არ ადასტურებს და არც "მთავარის" კითხვებს პასუხობს.
სანამ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია თანამდებობას ოფიციალურად დატოვებდა, საკადრო ცვლილებები შეეხო მის კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ერთ-ერთი ასეთი იყო, აჭარის პოლიციის უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" რეგიონალური პოლიტიკის ხელმძღვანელად ჩამოაქვეითა. აღსანიშნავია, რომ საბანაძე და ანანიაშვილი ოჯახის წევრები არიან.
ოპოზიციის შეფასებით, მთავრობაში კადრების წმენდა მოსალოდნელი იყო.
"მას შემდეგ რაც გახარია გადადგა ბუნებრივია და მოსალოდნელი იყო, რომ დაიწყებოდა შიდაკლანური დაპირისპირებების წინა პლანზე წამოწევა. შესაბამისად, წმენდა დაიწყება ახლა, გადადგომებიც იქნება. ესაა ბუნებრივი პროცესი და ბუნებრივი მანიშნებელი იმ რღვევის, რომელიც არის ქართულ ოცნებაში, რაც არ უდა მკაცრი სახეებით და ასე ვთქვათ ენერგიულად იმოქმედონ", - განაცხადა, "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე არ გამორცხავს, რომ გახარიას კადრები ე.წ. "კახური კლანის" წევრებით ჩანაცვლდეს.
შეგახსენებთ, რომ გახარიას წასვლის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა 24 თებერვალს დატოვა. რის შემდეგაც პოსტიდან გადადგა მისი მოადგილე, ბედია სიჭინავაც.