ჩვენზე, ღიად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა - სამოქალაქო აქტივისტების წერილი შარლ მიშელს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ქვეყანაში აქტივისტების დევნასთან დაკავშირებით, სპეციალური წერილით მიმართეს. 

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ "მთავართან" განმარტა, დოკუმენტში საუბარია იმ პოლიტიკურ დევნასა და უკანონო დაკავებებზე, რასაც სასამართლო და სამართალდამცველი უწყებები მათ მიმართ ახორციელებენ. "ისინი ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ და გვინდოდა, უფრო მკაფიოდ აღგვეწერა შარლ მიშელისთვის, თუ როგორი დევნა მიმდინარეობს ჩვენზეც" - ამბობს ფარულავა. 

აქტივისტების წერილს, რომელსაც ხელს შვიდი მოძრაობა აწერს, უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმებით თქვენ ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ერის ურყევი სურვილია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც თავისუფალი სამყაროს და ევროპის  სრულფასოვანი წევრი იქნება.

2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა ასეულობით აქტივისტი. უკანასკნელი თვის განმავლობაში პოლიცია თითქმის ყოველდღე აკავებდა სამოქალაქო აქტივისტებს შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და საპროტესტო კარვის დადგმის მცდელობისთვის.

ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული იყოს სასამართლოს საშუალებითაც. პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეები დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს ცნობენ დამნაშავედ და აჯარიმებენ მტკიცებულებებს და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.

ამასთან ერთად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აწარმოებს მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების ტერორს და თავდასხმას. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო კარვებს მიზანმიმართულად დაეჯახათ ავტომობილები. დამნაშავეები "ქართულ ოცნებას" უკავშირდებიან და პოლიციას არ დაუკავებია.

მიგვაჩნია, რომ თავდამსხმელები, პოლიცია, მმართველი პარტია, სასამართლო, პროკურატურა კოორდინირებულად მოქმედებენ სამოქალაქო აქტივისტების დევნისთვის.

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები საქართველოში რეპრესიების შესაჩერებლად", - ნათქვამია დოკუმენტში. 

წერილს ხელს აწერენ:

  • მოძრაობა "საქართველოსთვის";
  • მოძრაობა "სირცხვილია";
  • მოძრაობა "შეცვალე"; 
  • სამოქალაქო მოძრაობა "გხედავ";
  • მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმი";
  • მოძრაობა "იმოქმედე";
  • სამოქალაქო პლატფორმა - "დემოკრატიული მომავლისათვის". 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ესტუმრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი