
"თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა", - ასეთი განცხადება გააკეთა ივერი მელაშვილმა, საქალაქო სასამართლოში, კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე.
მელაშვილის თქმით, არც მას და არც ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საზიანოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. როგორც მელაშვილი ამბობს, მისთვის გაუგებარია თუ როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ნებისმიერ პირს ამ საქმეზე.
"ის შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად, მეც და ნატალიაც მართლები ვართ, დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში. შესაბამისად, განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს. არ ყოფილა თვითონ დავალების ფაქტი. საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რაიმე ფაქტი არ არსებობს და როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ან ზემდგომ პირებს, კომისის თავმჯდომარეს, მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი ჩემამდე არ დადის. თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა", - განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა იწყება.
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.