
გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, სოფელ სურების მოსახლეობამ გამარფთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფელში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს, 2 მარტს 14:00 საათზე ზემო სურებში "ბარამიძე ჰესის" პროექტის ონლაინ სკოპინგის განხილვა უნდა შედგეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ, არ უნდა დაუშვან მათი მიწის ფართობების "სუფსა ენერჯისათვის" 49 წლის ვადით გადაცემა და "ნამახვანი 2-ის" გამეორებას.
"რამე რომ აშენდეს, უნდა მრავალი წლის გამოკვლევა. 5-6 წლის კვლევა უნდა, წლის რომელ პერიოდში რამდენად იკლებს წყალი, რამდენად ნაკლულობს, რამდენად საშიშია. ჩვენ რატომ არ გვეკითხებიან რა გვინდა, არაფერს არ გვიკეთებენ. გზა მოვითხოვეთ არ გაგვიკეთეს, დენი ნახევარჯერ წყდება, წყალი არ გვაქვს, არაფერი სოფელს არ გვაქვს და მოგვაკითხეს იმისთვის, რომ ჰესი აგვიშენონ?!",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სურებლები საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვენ. სურების საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ვითარება საგანგაშოა და სუფსის ხეობა საფრთხეშია.