ჩაქაფული 70 ათას ლარად – თავდაცვის მინისტრმა ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასულ ჯარს სწრაფი ტესტის ნაცვლად ხორცი უყიდა

გამოქვეყნდა:

ბატკნის ჩაქაფული დაკონსერვებული ტყემლითა და ტარხუნით – ეს კერძი აღმოჩნდა მთავარი სააღდგომო საჩუქარი ქართველი სამხედროებისთვის. როგორც ჩანს, ჯარისკაცებისთვის ამ სიურპრიზის გაკეთებაც კი თავდაცვის მინისტრს ბოლო მომენტში გაახსენდა.

ღარიბაშვილის მითითებით 16 აპრილს, აღდგომამდე 3 დღით ადრე  68 000 ლარის ბატკნის ხორცი გამარტივებული წესით შეისყიდეს. არადა უწყებას პასკები და კვერცხები უკვე მომარაგებული და შესყიდული ჰქონდა სტანდარტული ტენდერებით.

3 000 კილოგრამი ბატკნის ხორცი თავდაცვის სამინისტროს კომპანია „ჰელსი ფუდმა“ მიაწოდა, თავისივე ფერმიდან და თავისივე სასაკლაოდან. კომპანიას ორი თანაბარი მეწილე ჰყავს - გენადი ხოშებაევი და იამზე თალაკვაძე. „ჰელსი ფუდში“  ადასტურებენ, რომ წინასააღდგომოდ ბატკანი, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი დეფიციტური იყო. თუმცა ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, ხორცი თავადაცვის უწყებას საბაზროზე დაბალ ფასად მიაწოდეს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამჟამად კორონავირუსის 2 აქტიური კერაა. სამხედროები ჩართულები არიან სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებში და ფაქტობრივად, მეორე თვეა უჩინარ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. ამის მიუხედავად კი, ვერც თავდაცვის სამინისტრომ და ვერც მთავრობამ ვერ უზრუნველყო მათი მასობრივი ტესტირება და კოვიდ19-ის კერების განეიტრალება. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ ოპერატიულად შეძლო ჩაქაფულის შეკმაზვა და უკვე დაკლულ ბატკნებს 1558 ლარის დაკონსერვებული ტყემალი დააწიეს ტარხუნის სოუსით.

დოლბანდის ნიღაბი და ტყემლით შეკმაზული ჩაქაფული თავდაცვის ის საშუალებები აღმოჩნდა, რისი შეთავაზებაც საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე ჯარიკაცებითვის შეძლო. იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც  თითქმის მეორე თვეა, ყაზარმული დღის წესრიგით ცხოვრობენ და ყოველდღიურად უხილავ მტერს ებრძვიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი