მიხეილ ბატიაშვილი გადადგა - ოპოზიცია გადაწყვეტილებას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს

გამოქვეყნდა:

განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი გადადგა. მიხეილ ბატიაშვილის წასვლას წინ უძღვოდა ია კერძაიას ოჯახის სარჩელი ევროსასამართლოში.

გუშინ სტრასბურგმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის იმ გარდაცვლილი დირექტორის ოჯახის საქმე მიიღო წარმოებაში, რომლიც ამტკიცებს, რომ კერზაია განათლების მინისტრის საარჩევნო რეპრესიებს ემსხვერპლა.

უკავშირდება თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება ბატიაშვილის წასვლას, ამ თემაზე  უკვე გადამდგარ მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.

ია კერზაიას შვილი დარწმუნებულია, რომ ბატიაშვილი მოიშორეს, რადგან საქართველოს მთავრობას არ უნდა გუნდში მინისტრი, რომლის სახელსაც რეპრესიები და სკოლის დირექტორის სიკვდილი უკავშირდება.

სისტემის პოლიტიზირების პრობლემაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები. მათი შეფასებით, ეს განათლების სფეროს განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ია კერზაიას საქმეს უკავშირებს ოპოზიცია ბატიაშვილის წასვლას. ია კერზაიას საქმესთან ბატიაშვილის წასვლის კავშირს ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

მიხეილ ბატიაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკვე მე-5 მინისტრია, რომელმაც კაბინეტი დატოვა. ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის კადრმა პორტფელი წელიწადი და 4 თვე შეინარჩუნა. მისი შემცვლელის ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ამ თანამდებობას გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაიკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი