47 მლნ ლარს აბასთუმანში, მწვანე და ლურჯი კორიდორების მშენებლობისთვის ხელისუფლების ფავორიტი კომპანია "არალი" მიიღებს. ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდთან ჯერ გაფორმებული არ არის.
კომპანიის დამფუძნებელი სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მითვისების ბრალდებით 2017 წელს დაჭერილი იყო. ციხიდან ის 250 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"არალის" დამფუძნებელი ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი კორონავირუსით ერთი თვის წინ გარდაიცვალა.
2018 წელს სწორედ თათეშვილისგან შეიძინა ეკატერინე ხვედელიძემ სახლი და 450 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აბასთუმანში.
ამის შემდეგ ხვედელიძემ გვერდით მდებარე ტყის მასივიც შემოიერთა, ჯამში 5000 კვადრატულ მეტრამდე. კომპანია "არალიმ" ბოლო წლების განმავლობაში 50 მლნ ლარამდე აქვს მიღებული.
2017 წელს "არალიმ" 40 000 ლარი "ქართულ ოცნებას" შესწირა.
კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და მუნიციპალური განვითარების ფონდს ნებისმიერ წამს შეუძლია დისკვალიფიკაცია მისცეს.
წინადადებების განხილვა კი უკვე დაწყებულია და ფორმალური ვერდიქტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უახლოეს დღეებში უნდა გამოიტანოს.