დიდ დიღომში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, გაირკვა, რომ ამ დაპირისპირების დროს მოკკლულ 19 წლის ბიჭს, შოთა ქულუსაშვილს, სახლში მიაკითხეს და საქმის გასარჩევად გაიყვანეს, მოგვიანებით კი ტყეში, მოკლული იპოვეს.
ქულუსაშვილი წარსულში ნასამართლევია. შესაძლოა, მისი სახლიდან გაყვანა და ე.წ. გარჩევებში მონაწილეობა სწორედ წარსულ საქმიანობას ეხებოდეს.
ამავე დაპირისპირების დროს დაჭრილი თორნიკე დანელია საავადმყოფოში რომან ხარაზიშვილმა გადაიყვანა. დაჭრილი ამჟამადაც იქ იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ხარაზიშვილის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, მაგრამ მართლსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინა, ოჯახი კი პოლიციის მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩხრეკაზე სახლში მოსულ პოლიციელებს არანაირი ორდერი არ ჰქონიათ, ამასთან, უხეშად და გამომწვევად იქცეოდნენ.