აშშ-ს თავდაცვის მდივნის მხარდაჭერა საქართველოს - სატელეფონო საუბარი თავდაცვის მინისტრთან

გამოქვეყნდა:

სატელეფონო საუბარი საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის. ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ თავდაცვის უწყებისთვის და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ერთობლივ მონაწილეობაზე და აღინიშნა, რომ „ჩვენ არა მხოლოდ ვშრომობთ ერთად უკეთესი მომავლისთვის, არამედ ვიბრძვით კიდეც ერთად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.“

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საუბრისას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-თან მაღალი დონის შეხვედრები, ერთობლივი სამხედრო სწავლებები და ამერიკის მხარდაჭერა რეგიონში - ურყევი სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირებაა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ განხორციელებაში აშშ-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და თანამშრომლობის არეალის გაფართოების სამომავლო პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი