საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
მკაცრ სანქციებთან დაკავშირებით დღეს დამატებითი განმარტებები გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“.
რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს, მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას და ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, რისთვისაც ჩვენ დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე,“ – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ახალი სანქციები მომდევნო საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედდება და ახლა ძალაში პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული წესები მოქმედებს.
მსურს განვმარტო, რომ დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ სანქციების გამკაცრებას რეპრესიებად აფასებს.
ემზადებიან იმისთვის, რომ რეპრესიული მოქმედებებით ჩაახშონ ქვეაყნაში უკმაყოფილების ტალღა... ეს არის დადასტურება იმის, რომ ქვეყანაში შექმნლ პანდემიას ოცნება იყენებს საკუთრი ძალაუდლების კონსოლიდირებისთვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ხარჯზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.