"ეს იყო უმაღლეს პროფესიონალურ დონზე შესრულებული ოპერაცია" - ასე შეაფასა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეჭრა და ნიკა მელიას დაკავება.
როგორც სუბარმა "მინისტრის საათის" ფარგლებში შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას თქვა, ნიკა მელიას დაკავებას კიდევ დიდხანს მოჰყვება ხმაური.
"მე ეჭვი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს მოჰყვება ხმაური ნიკა მელიას დაკავებას. მთელი საქართველო და არამხოლოდ საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა და მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ყოველგვარი თამაშის გარეშე, რომ ეს იყო უმაღლეს პროფესიონალურ დონზე შესრულებული ოპერაცია. ეს იყო ოპერაცია, რომლის დროსაც არცერთ ადამიანს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ყოველ შემთხვევაში სერიოზული დაზიანება მაინც", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარმა პოლიტიკურ მიზანშეწინილებაზეც ისაუბრა და გომელაურს ჰკითხა, სხვა რა შანსი ჰქონდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ფორმით შეესრულებინა.
"რა შანსი ჰქონდა სამინისტროს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რაიმე სხვა ფორმით. ის რომ არ უნდა აღსრულებულიყო ამ კითხვას არ ვსვამ, შეუძლებელია ეს", - თქვა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვას შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.