გორის რაიონულ სასამართლოში, თალაშ კანდელაკის საქმის განხილვა მიმდინარეობს. თარაშ კანდელაკს წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება, საქმის განხილვა კი ამ ვადაში ვერ მოესწრო, შესაბამისად სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე მისი პატიმრობაში დატოვების უფლება აღარ აქვს.
უფლებადამცველებს სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის დედა ამბობს, თუ თარაშ კანდელაკი დღეს საპატიმროს დატოვებს, გადწყვეტილებას გაასაჩივრებს
"ცხოველმა სცემა ალბათ, ნახევარი თავი ბავშვს აღარ ჰქონდა. ასეთი დანაშაული და ამ დანაშაულის გამო... ფაქტია, რომ უნდა გამოვიდეს მკვლელი ხო? ეს ყველაფერი... არ ვიცი... სამართალი სად არის? თარაშ კანდელაკია, რა თქმა უნდა, აბა ვინაა დამნაშავე. ვინ სცემა ჩემი შვილს, იქ თავის მეგობრები იყვნენ და მეგობრებმა სცემეს? აუცილებლად უნდა გავასაჩივრო", - ამბობს ერეკლე თედლიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილს, თარაშ კანდელაკს 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან. თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა კი გასული წლის ზაფხულში, 8 ივნისს, რესტორან "ჟოზეფში" მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები სწორედ თარაშ კანდელაკმა მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.