მზადება ხმაურიანი კინოსეანსისთვის - ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებები დღეს საქართველოს 6 კინოთეატრში იმართება.
ჰომოფობიური ჯგუფები უკვე რამდენიმე დღეა, იმუქრებიან, რომ ჩაშლიან ქართველი გეი მოცეკვავეების ისტორიაზე გადაღებული ფილმის ჩვენებას.
კინოთეატრების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ, რათა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლოს დროულად შეშვება.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ფილმის პოპულარიზებაში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არ იყო ჩართული. მათ შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ხელისუფლება ახალისებს აგრესიულ ჯგუფებს.
მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ ტოტალიტარული საზოგადოების მაჩვენებელია, როდესაც გარკვეული ჯგუფი ცდილობს, განსაზღვროს რას უნდა უყურო.
„როდესაც რაღაც ჯგუფები იდეოლოგიური თვალსაზრისით იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა მოგვეწონოს და რა არ უნდა მოგვეწონოს, რას უნდა ვუყუროთ და რას არა, ეს ნიშნავს, რომ მაშინ უკვე ტოტალიტარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ტოტალიტარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვყავს ცენზორი“ - განაცხადა ბუღაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ისინი ფილმის ჩვენების დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ასევე, დაიცავენ აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლებას.
კინოსეანსები კი საქართველოში სულ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა ბილეთი რეკორდულ დროში გაიყიდა.