გელათი ნადგურდება, სახელმწიფო კი თითს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს - ექსპერტები

გამოქვეყნდა:

დახარჯული მილიონების მიუხედავად, გელათი მაინც ინგრევა, ამ დროს კი თეა წულუკიანი პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, 2008 წლიდან სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, ნოვაციების გამოცდამ კი მძიმე შედეგი დააყენა და ტაძარი ამ მდგომარეობამდე მიყვანა. თეა წულუკიანს კითხვები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან აქვს. 

სპეციალისტები პრობლემას ხელისუფლების გულგრილობაში ხედავენ. ძეგლთა დაცვის საკითხებში ექსპერტი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ გელათის მონუმენტური მხატვრობა განადგურების პირასაა და ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ.

"გელათის საქმეში ქალბატონი თეა წულუკიანის ჩართულობა ემსახურება ერთ მიზანს, რომ გარკვეულ წილად შერბილებული იქნას პასუხისმგებლობა იმ პირებისა და იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებმაც გელათი ამ დღეში ჩააგდეს. პრაქტიკულად, გელათის მონუმენტური მხატვრობა განადგურების პირასაა და შესაბამისად ახლა არის მიზანი იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ. ჩვენ უკვე თვეების მანძილზე, ყოველდღიურად ვითხოვთ, მინიმუმ მორალური და თანამდებობრივი პასუხის დაყენებას და ეს აქამდე არ მოხდა.

არ გამოვა სხვისკენ ხელის გაშვერის პოლიტიკა, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პასუხისმგებლობა იქნას არიდებული. შემოიტანეს ცვლილებები მეთოდოლოგიაში, შემოიტანეს უხარისხო სამუშაოები, რამაც აქამდე მიიყვანა გელათი და აქ კონცეფციაში საქმე ნამდვილად არ არის",-თქვა თორნიკე ბარათაშვილმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ გელათის პროექტის სტანდარტი 2012 წლამდე მაღალი იყო, მისივე თქმით, 2012 წლის მერე იგივე სტანდარტი რომ დაეცვათ, გელათი ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

ცნობისთვის, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გელათში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სარემონტო ჯგუფს აკისრებს – "2011 წელს შედგა ჯგუფი, რომელიც დღემდე რესტავრაციას უტარებს გელათს, მრავალი წელია მათ აქვთ დარღვევები და ხარვეზები, ნამდვილად არის საგამოძიებოდ საქმე, როგორ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, როგორ ნაწილდებოდა ფინანსური რესურსი, ეს კითხვები არსებობს" – ამბობს წულუკიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი