"ოთხი აფეთქება მოგვივიდა, წამლებს ვერ ვყიდულობ..." - დაჭრილ ჯარისკაცს თავდაცვა ოპერაციებს არ უფინანსებს

გამოქვეყნდა:

28 წლის ჯარისკაცი, ზაურ კომახიძე, თავდაცვის სამინსტროს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მან ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ხერხემლის დაზიანება მიიღო და თითქმის ოთხი წელია, თავისუფლად ვერ გადაადგილდება, ამასთან, შრომის უუნაროა. 

როგორც ჯარისკაცის და, თაკო კომახიძე, "მთავარს" ეუბნება, ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტრომ ჯარიდან იმიტომ გამოუშვა, რომ მისი მკურნალობის ხარჯები არ გაეღო. 

თავად ზაურ კომახიძე პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს და გერმანიაში მკურნალობას მოითხოვს. მისი თქმით, წალმების ყიდვის საშუალებაც არ აქვს.

"დანაღმული მანქანა დაგვეჯახა, რის შედეგადაც დამიზიანდა ხერხემალი. სულ 4 აფეთქება მოგვივიდა. დანიშნული წამლების ნახევარი მაქვს ნაყიდი, იმიტომ, რომ არ მაქვს საშუალება და ვერ ვყიდულობ წამლებს. თავდაცვის სამინისტრომ, თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სრულად. საქართევლოში რომ დაბრუნდები, ვითომ ჯარისკაცი არ ყოფილხარ, ისეთ მდგომარეობაში გაყენებენ, ისე გიშვებენ ჯარიდან. არავის არ შემოუღია ჩემი კარი 3-4 წლის განმავლობაში. როგორც ავღანეთში დაჭრილი სხვა სამხედროების შემთხვევაში ხდება, მეც მინდა, რომ გერმანიაში გადამაფრინონ და რეაბილიტაციის სრული კურსი გავიარო", - ამბობს, ჯარისკაცი, ზაურ კომახიძე.

"სამშობლოს დაცვის გამო ყველაფერი მიატოვა და წავიდა, ახლა ასეთ დღეში რატომ უნდა იყოს?", - კითხულობს ჯარისკაცის დედა.

ზაურ კომახიძე, საქართველოს შეიარაღებული ჯარების სენაკის მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი იყო. ის სამჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, სამშვიდობო მისიის ფარგლებში.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი