
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები მიესალმება ანგარიშის გამოქვეყნებას და პარლამენტს საარჩევნო რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი.