"მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმას არასამთავრობო ორგანიზაციებში ეხმაურებიან. ამბობენ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ახალისებს.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიში" მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას გმობენ და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.
მსგავსი ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და მიეცეს სათანადო რეაგირება. შესაბამისი პირები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული და ეს დაუსჯელობა, ადამიანების, რომლებიც ჩადიან დანაშაულს ჟურნალისტების მიმართ, სწორედ ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. ასევე მედიის მიმართ ძალადობას ახალისებს ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის" წარმომადგენელის, ზვიად ქორიძის თქმით, მომხდარზე მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს საზოგადოებასაც. როგორც ის ამბობს, ქვეყანაში უნდა შეწყდეს ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
ასეთი ფაქტები, ერთი მხრივ ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლისა და მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების ასეთი ძალადობრივი მეთოდები დამალვისა, უნდა შეწყდეს და აიკრძალოს ქვეყანაში,- თქვა ზვიად ქორიძემ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ემა გოგოხია, მესტიაში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების აგრესიის სამიზნე გახდა. მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ბოლოს კი ქვეყნის დასატოვებლად ფულიც შესთავაზა.
სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც პოლიციას სრული სახით უკვე გადაეცა, ისმის, რომ ჟორჟოლიანი ემა გოგოხიას აგინებს და ემუქრება.