მეტი კომფორტი ხალხის ხარჯზე - ხელისუფლება უცხოეთში მივლინებებისთვის გამოყოფილ წარმომადგენლობით ხარჯებს კიდევ ზრდის. რიგ შემთხვევაში, ჩინოვნიკების სამივლინებო დანამატები 40%-ითაც კი იზრდება.
ცვლილებები 2017 წლის დადგენილებაში შევიდა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ აღნიშნული დადგენილების გასაჯაროება ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ახლა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის სამივლინებო დანამატები განისაზღვრება.
„აქამდე მოქმედ რეგულაციას ჩაამატეს, ფაქტობრივად, 5 პოზიცია, ეს ეხება ძირითადად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მისი დელეგაციის წევრებს, მის პრესსპიკერს,მ მისი დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც აქამდე არ იღებდა სამივლინებო დანამატს და ის თუ ზუსტად, რა თანხები დაიხარჯება დამატებით, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟი და დელეგაციის შემადგენლობა რა სიდიდის იქნება. ფაქტია, რომ მთავრობის ახალი დადგენილებით და გახარიას ხელმოწერით, 30-დან 40%-მდე დამატებით მოუწევთ ამ ადამიანებისთვის სამივლინებო დანამატების, ფაქტობრივად, ჯიბის ფულის დამატებით მიცემა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.