ქართული გადამზიდავი კომპანიები გაჩერებულები არიან. სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მონოპოლისტი რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევია.
ბიზნესმენმა გადამზიდავი კომპანიები საქართველოში 2020 წლიდან დაარეგისტრირა, რის შემდეგაც მის ქართველ კოლეგებს პრობლემები შეექმნათ.
მათი თქმით, ხუდოევი მათ ფულის გადახდას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთის გადატანის უფლების შეზღუდვით ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ბიზნესმენი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი პირობები გააცნო, რასაც შეხვედრის მონაწილეების ნაწილი დათანხმდა.
როგორც გადამზიდავები ამბობენ, ხუდოევის შეთავაზებაზე უარის შემდეგ, მათ ტვირთებს საბაჟოზე 15 დღის განმავლობაში აჩერებენ, რის გამოც პროდუქცია უფუჭდებათ.
ჩვენ უარი ვუთხარით და დაიწყო გაჩერებები. იმ დღის შემდეგ ყველა მანქანა გააჩერეს. რომ ვეკითხებით, რატომ აჩერებთ ჩემს მანქანას - რისკებშია. მერე დაიწყო მანქანების დაცლა, საქონლის სპეციალურად გაფუჭება, - აცხადებს ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი.
გადამზიდავები ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეს საქართველოს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს. მათივე თქმით, პირებს, რომლებიც ხუდოევის ულტიმატუმს არ დათანხმდნენ, სახელმწიფო უწყებებისგან დაბრკოლებები შეექმნათ.