"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერები იქნება.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობიდან გადამდგარიყო.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და "ქართულ ოცნებას" მისი ჩაშლა არ გამოუვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები გავრცელებულ ჩანაწერებს ყურადღებას აქცევენ. მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკას გამოშვებაზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა, ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს და მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტვ პირველის სიუჟეტში, ამიტომ შესაბამისად, მოლაპარაკებებზე არ გაუჭირდებათ სხვა ადმიანის გამოშვება.
ჩვენი პოზიცია არის ცალსახად, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს ნიკა მელია, ჩვენი თავმჯდომარე" - ამბობს დეკანოიძე.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მიზეზებს ხელოვნურად ქმნის და ჩანაწერებს გამიზნულად იყენებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ შედგეს.
6 მარტს, ტვ პირველმა აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.