კახა საბანაძე მიდის - შსს-დან გიორგი გახარიას კადრებს უშვებენ

გამოქვეყნდა:

შსს-ში ხელმძღვანელი პოსტები თავისუფლდება. გიორგი გახარიას კადრები უწყებაში გავლენას კარგავენ. „მთავარის“ წყაროს ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე. 

საბანაძე ამ პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა და პოლიციის მუშაობას კურირებდა. მას ასევე ექვემდებარებოდნენ კრიმინალური და სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა გახარიას პრემიერად დანიშვნის შემდეგ საბანაძის გავლენა ნელ-ნელა შესუსტდა.

მის გათავისუფლებას გომელაურის უწყება ჯერ არ ადასტურებს. „მთავარის“ წყაროს ინფორმაციით კი, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ კახა საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბრუნდება და მუშაობას დაზვერვის დეპარტამენტში გააგრძელებს.

შს მინისტრის გავლენიანი მოადგილის გათავისუფლების მიზეზად მასთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალებსა და გავლენის სფეროების ახალ გადანაწილებას ასახელებენ. ოპოზიცია კი პირველ ვერსიად გახარია-გომელაურის დაპირისპირებას განიხილავს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი შს მინისტრი, მოახლოებული არჩევნების წინ, სამართალდამცავ უწყებას ისეთი ადამიანებით დააკომპლექტებს, ვინც პოლიტიკური დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან.

ბოლო პერიოდში შს მინისტრის პირველი მოადგილისა და მისი ოჯახის წევრების სახელები არაერთ კორუფციულ სკანდალს დაუკავშირდა. მთავარის არხის ეთერში გავიდა რამდენიმე რეპორტაჟი, თუ როგორ მფარველობს კახა საბანაძე ახლო ნათესავების ბიზნესებს. ირიბად, მისი გვარი, იმ კომპანიასთანაც დააკავშირეს, რომელმაც ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოიტანა.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ქადაგიძე პოლიციაში საკადრო წმენდას ელოდება და არ გამორიცხავს, რომ თანამდებობები საბანაძის კადრებსაც დაატოვებინონ. სავარაუდოდ, მათ შორის იქნებიან აჭარის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის მარცხენა სანაპიროს უფროსი რამაზ ჩოჩიშვილი. ორივე მათგანი საბანაძის ოჯახის წევრია.

პირველი ხმაურიანი ცვლილება, რომელიც გახარია-საბანაძის კადრებს შეეხო, თბილისის საპატრულო პოლიციაში განხორციელდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი