განათლების მინისტრის თანამდებობა ამ დროისთვის კვლავ ვაკანტურია. უცნობია, ვინ დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილის ადგილს.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზე სოზარ სუბარის, მაია მიმინოშვილის და მაგდა მაღრაძის კანდიდატურები მოიაზრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ კონსულტაციები მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით უკვე გაიმართა. თუმცა, ისინი ამბობენ, რომ კანდიდატის დასახელების პრეროგატივა პრემიერს აქვს.
„ბატონი მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ ვაჟღერებ ინფორმაციას, ვინაიდან ეს არის მთავრობის კომპეტენცია, ვინაიდან პრემიერია ის პირი, რომელიც უფლებამოსილია ისაუბროს ამ საკითხთან დაკავშირებით... აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის მხრიდან გეცნობებათ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ცვლილებები არც ამჯერად შემოიფარგლება მხოლოდ საკადრო როტაციით და ასევე, იგეგმება გარკვეული სტრუქტურული გადაადგილებაც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო გამოეყოს. ამის გარდა, „ოცნების“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე გამოიყოს, და ასევე, ენერგეტიკის სამინისტრო.
„ადმინისტრირებისთვის უფრო მოქნილი შესაძლებელია ნამდვილად იყოს, თუკი კულტურა და სპორტი გამოეყოფა სამინისტროს და მეტი ფოკუსირება გაკეთდება განათლებაზე და კულტურაზე, მეორე მხრივ, გაკეთდება სპორტზე, ვფიქრობ, რომ ეს არის სამსჯელო საკითხი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თუ ვინ იქნება ივანიშვილის მმართველობის პერიოდში განათლების მინისტრი, ოპოზიციისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ერთ ზონდერ მინისტრს მეორე ჩაანაცვლებს.
„ეს იქნება უბრალოდ კიდევ ერთი დასტური იმ აბსურდის, რომელშიც ივანიშვილის გუნდი აცხოვრებს ამ ქვეყანას, იქამდე ვითომ ამ მცირე მთავრობის კონცეფცია იყო სიცრუე, იმიტომ, რომ რეალურად ხარჯები არ შეამცირეს. ამიტომ, ახლა თუ გამოყვეს სამინისტრო, ამხელა სადღეგრძელოების მერე, რომელიც თქვეს, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ეს ხალხი საერთოდ არაფერზე არ ფიქრობს, გარდა ძალაუფლებაში დარჩენისა და გადასახადების გადამხდელების ფულის ფლანგვისა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
განათლების სამინისტრო ხელისუფლებას რომ საარჩევნო ინსტრუმენტალიზაციისთვის სჭირდება, ამაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ სამი კანდიდატურიდან ვის აირჩევს ივანიშვილი, იმიტომ, რომ რეალურად, ერთი ზონდერ მინისტრი ბატიაშვილი ჩანაცვლდება სხვა ზონდერ მინისტრით, რომლის ამოცანაც იქნება არა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებთან ბრძოლა, არამედ საარჩევნოდ ინსტრუმენტალიზაცია განათლების სისტემის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.