
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მიდინარაძის, განცხადებით, თუ ოპოზიციას სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოძიება სურს, პარლამენტში უნდა შევიდეს და საგამოძებო კომისია თავად შექმნას.
"ოპოზიციას აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტი, ალბათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს არც დაესიზმრებოდათ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოპოზიციას ჩამოეყალიბებინა საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებდა ნებისმიერ საკითხს. დღეს, ამ სიტუაციაში, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ, და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.