საქართველოს მეგობრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ღია წერილი გამოაქვეყნეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გაათავისუფლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია და ამით პირველი ნაბიჯი გადადგას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
წერილში ნათქვამია, რომ დიპლომატები თავს საქართველოს მეგობრებად მიიჩნევენ, რომლებიც ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, აღფრთოვანებული იყვნენ მათი მტკიცე გადაწყვეტილებით, შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიული ღირებულებებისადმი.
აქედან გამომდინარე, დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ, საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის საქართველოს მთავრობის გადაწყეტილებით, შტურმით აეღოთ მთავარი ოპოზოიციური პარტიის ოფისი და დაეპატიმრებინათ მისი ლიდერი.
მისი პატიმრობაში დატოვება შეუძლებელს ხდის, გასული წლის არჩევნებისგან გამოწვეული ჩიხიდან გამოსასვლელად, რამაც ოპოზიციურუ პარტიების ბოიკოტი განაპირობა. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი.
ეს მოვლენები, არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური პანდემიისას ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. საქართველოში განვითარებული მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილები",-ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა გრძელდება, თუმცა ეს პროცესი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას არ მოიცავს. დიპლომატების განცხადებით, არჩეული მთავრობები ვალდებული არიან შეასრულონ მათი ამომრჩევლის სურვილები. პოლიტიკურ ოპონენტებს კი თავიანთი საჩივრების სამართლიანად განხილვის უფლება აქვთ.
დიპლომატების აზრით, მთავრობამ ოპოზიციური პარტიის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათივე თქმით, თუ ქვეყანაში პოზიტიური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ამან, შესაძლოა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გამოიწვიოს, რომლებიც კრიზისზე არიან პასუხისმგებელი.
"მთავრობამ, როგორც ძალაუფლების მფლობელმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების გათავისუფლებით უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას კომპრომისზე შუამავლობისთვის, ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ბოლო დროინდელი მოვლენები სიტუაციას საგანგაშოს ხდის. პოზიტიური ნაბიჯების არგადადგმამ შესაძლოა გამოიწვიოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობების დაყენება, რომლებიც კრიზისზე აგებენ პასუხს,-ნათქვამია წერილში.
დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ დემოკრატიისადმი მათი ერთგულების დემონსტრირება მოახდინონ.
განცხადებას ხელს აწერენ: