
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულების ახლობლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა - პოლიციამ რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა, თუმცა, ცნობილი არ არის, ისინი დააკავეს თუ სიტუაციას გაარიდეს.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ორი არასრულწლოვანის განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მოგვიანებით კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და არსებულ მუხლებს ყველაზე მძიმე, 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს, ხოლო 109-ე მუხლით - 5.
პროკურატურამ 11 იანვარს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.
ძალადობაში ბრალდებული 3 პირი კი 11 იანვარს სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.