დატოვებს თუ არა ქართულ ოცნებას კახა კალაძე? დედაქალაქის არჩეული მერი ბოლო დღეებია ოცნების გუნდისგან ღიად ცდილობს დისტანცირებას, პარალელურად მერიის სამსახურებს უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად ამოწმებენ სუს-ის წარმომადგენლები.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კალაძისა მისი გუნდის პოლიტიკური განქორწინება ქართული ოცნებასთან - სულ რამდენიმე დღეში გაფორმდება.
ოცნებაში ამ ვერსიას ისეთივე ენთუზიაზმით უარყოფენ, როგორც ეს გახარიას შემთხვევაში ხდებოდა.
კახი კალაძის კვოტა ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში იმდენად დიდია, რომ კალაძის წასვლამ შესაძლოა უმრავლესობა ავტომატურად დაშალოს.
ენდობა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს იმ აუდიო ფაილების გასაჯაროების შემდეგ, რომლის მიხედვით პრემიერი წარსულში ბერა ივანიშვილის სადამსჯელო მისიებში მონაწილეობდა და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არასრულწლოვნების დაშინებით იყო დაკავებული? კითხვაზე პასუხი მხოლოდ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ რელიზში იძებნება.
"ჩემი მხრიდან მინდა პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს"
თუმცა რატომღაც შესაბამისი მონაკვეთი ბიუროს დღევანდელი სხდომის ვიდეო ოქმიდან საერთოდ ამოღებულია, მიზეზად კი პარლამენტის ადმინისტრაცია ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ნდობას უპირობოდ უდასტურებენ ის დეპუტატებიც, რომლებიც პარლამენტში გიორგი გახარიას კვოტით მოხვდნენ, მაგრამ სად წავლენ ისინი, თუკი გახარია პოლიტიკაში დაბრუნებას და საკუთარი პარტიის ფორმირებას გადაწყვეტს ? - ეს შეკითხვა ამ დეპუტატებისთვის უხერხული აღმოჩნდა.