რა დახვდება ტრამპს საქართველოში? -კითხვა „ვაშინგტონ ეგზამინერმა“ 31 ოქტომბერს დასვა. ამერიკელი ჟურნალისტი წერს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლება თვალს ხუჭავს რუსულ აგრესიაზე. მას მიაჩნია, რომ ტრამპის ვიზიტს შეუძლია პუტინის აგრესია შეაკავოს.
ამ სტატიას კი იმავე გამოცემაში საავტორო წერილით უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა, გააკრიტიკა ამჯერად უკვე ამერიკელი ჟურნალისტი და ამტკიცებს, რომ ტრამპს საქართველოში წარმატებული დემოკრატიული რეფორმები დახვდება.
ჩუგოშვილი წერს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია 2008 წელს განხორციელდა, როდესაც ხელისუფლებაში მათი ოპონენტები იყვნენ.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გუნდი ფლანგავს ბიუჯეტს პარტიის ინტერესების სასარგებლოდ და ამ წერილს სარგებლის მოტანა ქვეყნისთვის არ მოუტანია.
„პასუხად მივიღეთ გადასახადის გადამხდელების ფულით დამუშავებული, ლობისტების მიერ პარტიული პასუხი, სადაც ოპოზიციას აკრიტიკებს, მაგათ არჩევნები წააგესო, ეს აბსურდი და მთელი წერილის გზავნილი არის, როგორი მცდარი და ცუდია ოპოზიცია და როგორ ყვავის საქართველო და კი არის ოკუპაცია, მაგრამ რამე განსაკუთრებული კი არ ხდება, საფრთხე დიდი კი არ არის, განგაშის ზარს კი არ რეკავენ, რომ გვჭირდება რამე, არა - კმაყოფილებას გამოთქვამენ იმით,თვითონ როგორებიც არიან“, - განაცხადა ბოკერიამ.
ჩუგოშვილის წერილს კრიტიკული შეფასება მოჰყვა ასევე „ლელოში“. ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ოცნება“ დასპონსორებული სტატიების მეშვეობით ცდილობს, რომ უცხოელ პარტნიორებს დააჯეროს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა.
„ქართული ოცნება არ კმაყოფილდება იმით, რომ საკუთარ მოსახლეობას აყრის თვალში ნაცარს, აბრმავებს და თვალებს თხრის, ახლა უკვე დასპონსორებული სტატიების მეშვეობით ცდილობენ როგორმე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს დააჯეროს, რომ საქართველოში ყველაფერი ყვავის და კარგადაა. აშშ-ის პრეზიდენტს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს საქართველოში დახვდებათ ძალიან დიდი პოტენციალის და ადამიანური რესურსების მქონე ქვეყანა, რომლის განვითარებას მიზანმიმართულად აფერხებს ოლიგარქი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიცია ითხოვს განმარტებას, რატომ იხარჯება ბიუჯეტის ფული მსგავს სტატიებში. ოპონენტების კრიტიკას თამარ ჩუგოშვილი ამ დროისთვის არ პასუხობს, ის საზღვარგარეთ იმყოფება.