
„ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაში, გასაუბრებაზეა დაბარებული.
მიზეზი ნიკა მელიას დაკავების დღეს, 23 თებერვალს ენმ-ის ოფისიდან მთავარი სერვერის გატაცება გახდა, რომელიც სამართლადმაცველებმა ყოველგვარი ორდერის გარეშე, კანონდარღვევით წაიღეს. მომხდარის გამოიძიების მოთხოვნით ოპოზიციურმა პარტიამ პროკურატურას მიმართა.
იმის მიუხედავად, რომ ნაყოფია თბილისის პროკურატურაში დაიბარეს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს და ადვოკატებს არ აქვთ იმედი, რომ გამოძიება დაიწყება. სისხლის სამართლის საქმე, ჯერჯერობით აღძრული არ არის.
"საზოგადოებამ დაინახა ის ვანდალიზმი, რაც განხორციელდა სამართალდამცავების მხრიდან 23 თებერვალს, როდესაც ისინი შტურმით იღებდნენ მთავარი ოპოზიციური ძალის ოფისს. ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, ვიდეოჩაწერების ბლოკი და სერვერები იქნა მოპარული. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას რომ დაეწყო გამოძიება ამ ფაქტზე.
ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან, გვთხოვეს გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ერთ-ერთი იყო გარე კამერების ჩაწერის ბლოკი, რომელიც წაიღეს, ალბათ აინტერესებდათ, ვინ მოდიოდა ოფისში, თუმცა ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდათ. და მეორე იყო სერვერები, ეს არის შიდაპარტიული მიმოწერები"-თქვა კობა ნაყოფიამ.
ადვოკატის, ბექა ბასილაიას, თქმით, პროკურატურა უკვე დაწყებული უნდა იყოს, კობა ნაყოფიას გასაუბრებაზე დაბარება კი მხოლოდ სამართლებრივი ბლეფია საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
23 თებერვალს, სპეცრაზმის შტურმის შედეგად, ენმ-ის ოფისში მყოფი პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, ხოლო სერვერი, რომელიც პარტიას ეკუთვნოდა, შსს-მ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაიღო ოფისიდან.