უკვე ზრდასრული, 26 წლის ბერა ივანიშვილი ჩანაწერის ავთენტურობასაც ადასტურებს და დღესაც იმავე აზრზეა, რომ უნდა დევნოს და მოსთხოვოს პასუხი ყველას, ვინც მას აკრიტიკებს ან ვინც მის დედიკოს შეურაცხყოფს. ოლიგარქის შვილი არასრულწლოვნების ჩაგვრას ოჯახის ღირსების დაცვით ხსნის.
ქართული ოცნება კი დღეს ტრადიციულად, ივანიშვილების ოჯახის დასაცავად გაერთიანდა.
ელისო ბოლქვაძემ ავტომობილში ბერას ქართული რეპი დემონსტრაციულად ჩართო, ინიციატივა ძველმა მეოცნებე მეზურნიშვილმაც აიტაცა. თემურ აბაზოვს კი, რომელმაც საზოგადოებას თავი, ბიძინა ივანიშვილის გინების გამო, მოქალაქისთვის იძულებით შარდის სახეზე წასმით დაამახსოვრა, ოლიგარქის შვილის მხრიდან მოქალაქეების ტერორი და დევნა არც გაკვირვებია და მით უფრო, არც გაუპროტესტებია.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ოლიგარქის შვილი ან კარგად ვერ დაარიგეს, ან წინასწარ დაწერილ ტექსტსა და სცენარს ასცდა და საკუთარი თავი უნებურად ამხილა. მათ გამოძიების იმედი არ აქვთ.
ოპოზიციის მსგავსად, არც სამოქალაქო აქტივისტებს სჯერათ, რომ ჩანაწერი ჯერ კიდევ იმ დროით თარიღდება, როდესაც ოცნება - ოპოზიციაში, ხელისუფლებაში კი "ნაციონალური მოძრაობა" იყო.