ნარიშკინის ციტატა სრულად და ექსპერტთა აზრი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფის ნააზრევზე

გამოქვეყნდა:

,,ოკუპანტი რუსეთისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესები თანხვედრაში მოდის, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სახიფათოა", - ასე აფასებენ ქართველი ექსპერეტები რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის განცხადებას. მათი აზრით, კრემლი ცდილობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას და დემოკრატიის ჩამოშლას. 

ექსპერტები, ასევე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ნარიშკინის განცხადებაზე დაგვიანებულ რეაქციაზეც საუბრობენ.

"დაგვიანებული რეაქციის მიზეზი არის ის პოლიტიკა, რასაც ეს ხელისუფლება ატარებს რუსეთის მიმართ, ეს არის არგაღიზიანების პოლიტიკა. ამავე დროს, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მხოლოდ მოსკოვში და მხოლოდ ქართულ ოცნებაში" უწოდებენ ოპოზიციას რადიკალურს", - ამბობს გიორგი ბადრიძე, "რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, პრესბიუროს განცხადებაშია მოყვანილი:

"ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან აშშ მიეჩვია, "მექანიკურ რეჟიმში" მართოს პოლიტიკური პროცესები საქართველოში, უკარნახოს ხელისუფლებას, როგორ იფუნქციონიროს და როგორი მიდგომის ხაზი გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებაში. ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიმართ, რომელიც უარს ამბობს, სიტყვის შეუბრუნებლად შეასრულოს ამერიკელთა მოთხოვნები. თეთრი სახლი შეშფოთებულია იმის გამო, რომ "მეოცნებეები" განუხრელად არ მისდევენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სიტემურად იმუშაონ ოპოზიციის მხარდასაჭერად და, ამავდროულად, "ქართული ოცნების" პოზიციების შესასუსტებლად. აშშ ევროპელ პარტნიორებსაც ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად აქეზებს. ვაშინგტონი სიგნალს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის სამომავლო ხაზი თბილისთან მიმართებაში, დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მზაობაზე, ზუსტად მისდიოს ამერიკელთა მითითებებს.

საქართველოს მაგალითი თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ ცალკეული ნაციონალური ელიტების მისწრაფებებს, მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა, რათა გადაწყვიტონ და მოაგვარონ მიმდინარე ამოცანები, ისინი მიჰყავს დე ფაქტო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების დაკარგვამდე როგორც საგარეო, ასევე შიდა ორბიტაზე", - ნათქვამია საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს განცხადებაში. 

ზემოთმოყვანილი განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე 9 მარტს გამოქვეყნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი