
სოხუმში, ოპოზიციური პარტიების ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სასახლის პერიმეტრის დაცვა გაძლიერებულია. ამის დამადასტურებელი კადრები ვიდეოპორტალ "You tube-ზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ოპოზიციის მხრიდან ე.წ. პრეზიდენტის სასახლეზე შესაძლო შტურმის შესახებ ინფორმაცია მარტის დასაწყისში გავრცელდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გმირი ახრიკ ავიძბა და მისი დაცვის წევრები დააკავა, ავიძბას სახლიდან კი დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო.
სწორედ ახრა ავიძბა მოიაზრებოდა ოპოზიციის ერთერთ ლიდერად, დე ფაქტო ხელისუფლებამ კი განაცხადა, ავიძბა სახელმწიფო გადატრიალების სამზადისში იყო ბრალდებული.
11 მარტს ოპოზიციური გაერთიანება "აურაას" ყრილობაა დაგეგმილი, ის დაახლოებით ერთ საათში დაიწყება. ყრილობის დასრულების შემდეგ ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობას გეგმავს.
ე.წ.-მა შსს-მ სოხუმში უკვე მოუწოდა ოპოზიციური თავყრილობის მონაწილეებს, რომ დაიცვან მართლწესრიგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების თანახმად, უწყება ადეკვატურად იმოქმედებს.