დაზიანებები, რომელიც პოლიციელმა კასპში, ჯგუფური თავდასხმისას მიიღო - ექიმის კომენტარი

გამოქვეყნდა:

პოლიციელმა, რომელსაც სოფელ ფერმაში ჯგუფურად თავს დაესხნენ, ინციდენტის დროს გონება დაკარგა, ხოლო დაზიანებები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მისი გადაყვანა თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გახდა საჭირო.

ახალი დეტალები პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შესახებ "მთავარ არხს" კასპის საავადმყოფოში მიაწოდეს, სადაც პოლიციელ აქიფ მაჰმუდოვს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

"მე რამდენადაც მითხრეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. საავადმყოფოში შემოყვანიდან მოგვიანებით, დამძიმდა მისი მდგომარეობა. გამოეხატა თაბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა.

როცა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაითიშა, ცნობიერება არ ჰქონდა. შემოსვლისას ჰქონდა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და მარცხენა თვალ-ბუდის არეში დიდი ზომის სისხლნაჟღენთი.

სიმპტომებიდან გამომდინარე, გადავიყვანეთ კომპიუტერულ კვლევაზე და გადაწყდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაყვანა, სადაც დაისვა ტვინის შერყევის დიაგნოზი და გავწერეთ ბინაზე",-ამბობს ექიმი მანანა მარიამიძე ,,მთავართან" საუბრისას.

შეგახსენებთ, ექსკლუზიური კადრები, სადაც ასახულია პოლიციელზე თავდასხმა, "მთავარმა არხმა" მოიპოვა. ძალადობის შემდეგ პოლიციელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დაპირისპირება სოფლის ცენტრში მას შემდეგ მოხდა, რაც კოორდინატორის გარემოცვის წევრებს, რომლებიც მანქანით, დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა.

შემთხვევა 7 მარტს მოხდა, პოლიციელი კი კლინიკიდან გუშინ გამოწერეს. კლინიკიდან გამოწერის მიუხედავად, პოლიციელი ამ დრომდე არ გამოჩენილა იგოეთის განყოფილებაში, სადაც ის მუშაობს. 

"მთავარისთვის" ასევე ცნობილი გახდა ახალი დეტალები ზემოთხსენებული დაპირისპირების შესახებ,  კერძოდ, თავდამსხმელები "ოცნების" კოორდინატორისა და შემომწირველის, ვინმე "შიროს" ახლობლები არიან. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის გამო შსს-მ ორი პირი დააკავა, თუმცა ისინი საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი