
ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინებით, პროკურატურას მომდევნო 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ წუთს შეუძლია შევიდეს "ტელეკომპანია პირველში" და იძულებითი, პროპორციული ზომების გამოყენებით, მათთვის სასურველი მასალის ამოიღოს
პროკურატურა ამბობს ტყუილს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი რომ გამოძიების ფარგლებში მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების ავთენტიკურობის დასადგენად აუდიომასალის მოპოვება. აქ არ წერია ის, რომ მათი განზრახვა იყო საგამოძიებო რეპორტაჟში გასული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა. მოსამართლის ამ განჩინებით ცხადი ხდება, რომ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სისტემა ემხილებინა და ამ ადამიანზე პირდაპირი ან ირიბი გზებით გასვლა -თქვა ნოდარ მელაძემ.
სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ.
აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.