ოლიგარქ ივანიშვილის სამიზნეში ახალა ტვ პირველია ამოღებული. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მოიპოვოს დაადგინოს და გაიგოს ვინ არის მოღალატე რომელმაც ბერა ივანიშვილის სკანდალური ჩანაწერები გაიტანა. პროკურატურას რომელმაც საქმე სწორედ ფარული ჩანაწერების მოპოვება გავრცელების დასადგენად აღძრა სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო და მოქმედების სრული თავისუფლება მისცა.
ყოფილი პროკურორის და ამჟამად მოსამართლის განჩინებაში პირდაპირ წერია, რომ გამომძიებლებს აქვთ განუსაზღვრელი უფლებები - მათ შორის დამოუკიდებელ არხზე ძალით შესვლის უფლებაც კი.
ეს განჩინება სრულიად გაუმართავი და უსაფუძვლოა, როგორც დამოუკიდებელი იურისტები განმარტავენ, რომლებმაც დოკუმენტი შეისწავლეს, ტვ პირველი მზად არის პროკურატურას ჩანაწერები გადასცეს, თუმცა ნებისმიერი მასალა, რომელიც კონფიდენციალური წყაროს იდენტიფიცირების საშულებას იძლევა შოთაძის უწყებისთვის მიუწვდომელი არის და იქნება - ეს ჟურნალისტების გადაწყვეტილებაა, რომელსაც კანონი იცავს.
ტვ პირველი უსამართლობის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. არხის იურისტები მოსამართლის განჩინებას ჯერ ეროვნულ დონეზე გაასაჩივრებენ, თუმცა მოლოდინი არ აქვთ რომ პოლიტიკური სასამართლო რამეს შეცვლის. შესაბამისად, არხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.
გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია - ასე ფიქრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოქმედ კანონმდებლობას ახსენებს, რომელსაც წესით პირველ რიგში ქართული ოცნება უნდა იცავდეს - რომ ჟურნალისტის უფლებაა არ გათქვას წყარო და არ გადასცეს საგამოძიებო უწყებას პროფესიული საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია.